“ქუთაისლები რომ გალახეს თბილისში…”

IMG_4662

 

 

იმელსი ჟორჟოლიანი  67 წლის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი სოფელი მაღლაკი

ქუთაისში ყველა იცნობს იმელსის. იმელსიას ეძახიან.  გრიშაშვილის ქუჩაზე, ე.წ. „ბჟოლებში“ საპარკმახეროში,  დალაქად მუშაობს.

„52 წელია   ვმუშაობ, პროფესიით რაცა ვარ ესა ვარ, სიმართლე და პატიოსნებაა ჩემთვის მთავარი და პრიორიტეტული, ფული კი არის საჭირო, მაგრამ სინდის–ნამუსია მთავარი. გული მწყდება რომ ადამიანების ნდობა აღარ შეიძლება.  სიმართლე გითხრა ძალიან უპატრონო ქალაქია ჩემი ქუთაისი, ძალიან უპატრონო.

აი თუნდაც ფეხბურთის  ამბავი. ქუთაისლები რომ გალახეს თბილისში ის არაფერი და ქუთაისში რომ ცემეს თბილისლები ეგ დიდი ამბავია აბა რა…  ქუთაისი არ იყო მართალი მაგ ამბავში, მაგრამ ეს ახლა არ დაწყებულა.

ჩემი ოცნება ისაა რომ ქართველ კაცს ეშველოს, რომ ოჯახი თვითონ არჩინოს,  ტერიტორიები დავიბრუნოთ  და მინდა გაღიმებული ადამიანები დავინახო ქუჩაში. ახლა რომ ვხედავ ხალხს ქუჩაში, ასე მგონია პანაშვიდიდანაა გამოსული. ვერ ვიტან ამდენი გაჭირვებული რომ დაეხეტა ქუჩაში და საჭმლის ფულს ითხოვს. მე არ მაქვს ახლა მაგის თავი რომ ყველას დავეხმარო, ბიძინა რომ ვიყო ახლა კი შეიძლება  გამეკეთებია რამე.

ქუთაისი მიყვარს და ე.ი იუმორიც მიყვარს, იმიტომ რომ ქუთაისია თვითონ იუმორი. იუმორი უნდა დაგყვეს.   სადაც იუმორი ნელ–ნელა ტოვებს საზღვრებს ქალაქისას, იქ თანდათან კვდება სიცოცხლე.

წავლიან ქალაქიდან და მერე წუწუნებენ: „დედა რა ლამაზიაო“, „დედა თეთრი ხიდიო“, ასეო ისეო … შე მამაცხონებულო თუ ლამაზი იყო რას მიდიოდი და თუ წადი რაღას წუწუნებ ახლა? თუ ასე გიჟდები კიდე ამ ქალაქზე ადექი და დაბრუნდი.

 

© Project „Humans of Georgia“

2014

 

1 thoughts on ““ქუთაისლები რომ გალახეს თბილისში…”

დატოვე კომენტარი